სახალხო დამცველობის კანდიდატი ნუგზარ კოხრეიძე ომბუდსმენობის მსურველ 19 კანდიდატს შორის მესამე ადგილზეა.
“სახალხო დამცველის შეფასების კომისიამ დღეს თავისი ქულები გამოაქვეყნა. ქულების დაჯამების შედეგად მე, 19 კანდიდატიდან მესამე ადგილზე ვარ.მადლობა მინდა ვუთხრა ყველა კომისიის წევრს შეფასებისთვის. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. ყველა კანდიდატს ვუსურვებ წარმატებას!,”-ამბობს ნუგზარ კოხრეიძე.
ნუგზარ კოხრეიძეს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაბის 25 წლიანი გამოცდილება აქვს. იგი 2007-2018 წლებში მუშაობდა გაეროს მიგრაციის სააგენტოს ქუთაისის ოფისის საველე კოორდინატორად; 2018 წლიდან მუშაობს გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაცია “ბერგჰოფის ფონდში’’, რომელიც საქართველოში ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთ ოსურ სამშვიდობო დიალოგის საკითხებზე მუშაობს;
2021 წლიდან არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარის მოადგილე და მესამე სამუშაო ჯგუფის თანაკოორდინატორი; 2022 წლიდან აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კლიმატის მოქმედებათა ქსელის (Climate Action Network – CAN) საბჭოს წევრი.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის პოზიციის დაკავებისთვის 19 კანდიდატი იბრძვის. საბოლოო გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანო მიიღებს.










