ადამიანის აწმყო, მომავალი და წარსული – ყველაფერი ღვთის ხელშია. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია, ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს ბრძანა.
ილია მეორემ ბედნიერების შესახებ იქადაგა და აღნიშნა, რომ ბედნიერება უფლის კურთხევაა.
“ჩვენთან არს ღმერთი! დიდხარ შენ უფალო, საკვირველია საქმენი შენნი. ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ დავითის ფსალმუნებს და იქ წერია ეს სტყვები: “დიდხარ შენ უფალო და საკვირველია საქმენი შენნი” , ყოველმა ადამიანმა უნდა შეიგნოს, რომ ბედნიერება ენიჭება ადამიანს ღვთისაგან. ბედნიერება არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. ადამიანი ღირსი უნდა იყოს ბედნიერებისა. ლოცვაში, მამაო ჩვენოს რომ ვკითხულობთ, იქ არის სიტყვები – პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს. გიფიქრიათ, რატომ ამბობს უფალი, მომეც ჩვენ დღეს? ამბობს იმიტომ, რომ ადამიანის აწმყო, მომავალი და წარსული, ყველაფერი ღვთის ხელშია. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია, ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. ნაპოლეონი ამბობდა: “დიდებისაგან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო” – ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ნაბიჯია დიდისა და მცირეს შორის.