ამერიკელი ქალი ვანდა პალმერი ორწლიანი კომიდან გამოვიდა და პოლიციას შეატყობინა, რომ დამნაშავე, რომელიც მას თავს დაესხა, მისი ძმა დენიელ პალმერი იყო. ამის შესახებ The Post Millenial-ი წერს.
მამაკაცს ბრალი მკვლელობის მცდელობასა და სხეულის განზრახ დაზიანებაში ედება. მას 500 ათასი დოლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.
შემთხვევა 2020 წელს მოხდა. მეზობლებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი საცხოვრებელ ფურგონში დივანზე იპოვეს. ვანდა პალმერის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მას მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიღებული და მთელი სხეული სისხლიანი იყო. ექიმების პროგნოზი პესიმისტური იყო და ვარაუდობდნენ, რომ ვანდა პალმერი დიდი ალბათობით გონზე ვეღარ მოვიდოდა.
თუმცა, მიმდინარე წლის ივლისში, ქალი არა მხოლოდ გონზე მოვიდა, არამედ შეძლო დეტალურად გაეხსენებინა მომხდარი ინციდენტი და მოეყოლა თუ როგორ მოხდა მასზე თავდასხმა. ტვინის მძიმე დაზიანების მიუხედავად მას კომუნიკაციის უნარი შენარჩუნებული აქვს. ამგვარ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის გაღვიძება დიდ იშვიათობად შეაფასეს.
პოლიციას დენიელ პალმერზე ეჭვი თავიდანვე ჰქონდა, თუმცა მოწმეებისა და მტკიცებულებების არარსებობის გამო მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა ვერ შეძლეს.
დაზარალებულის თქმით, ძმამ მის მიმართ სისასტიკე ადრეც გამოიჩინა, მის სახლში შეიჭრა და მისი ქონება დააზიანა.










