,,სრულიად შემთხვევით აღმოვჩდი შემზარავი ინციდენტის თვითმხილველი. შუაგულ ზუგდიდში, ფოსტასთან, ქალი შველას ითხოვდა. დავიბენი და ამ ქალისკენ გავიქეცი, მალევე პატრული გამოჩნდა და იქვე ავტობუსის გაჩერებასთან კაცი დააკავეს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ამ ქალის ყოფილი ქმარია და დანით ხელში, მოსაკლავად მოსდევდა მას. საბედნიეროდ გადარჩა, ბავშვიც იქვე ყოფილა, რაც შევძელი ის იყო რომ ვამშვიდებდი ამ ქალბატონს. პირველად ვნახე სიკვდილისთვის განწირული და სიკვდილისგან დახსნილი ადამიანი. არ ვიცი რა ვთქვა, შოკში ვარ…
მადლობა პატრულის თანამშრომლებს!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნიკა ლაშხია.

შემთხვევა დღეს ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას გამზირზე მოხდა. კაცი ყოფილ ცოლსა და ორ შვილს დანით გამოეკიდა და მოკვლით ემუქრებოდა.
ქალს ყოფილი ქმარი სამუშაო ადგილზე, სალონში მიუვარდა, სადაც მათი შვილებიც იმყოფებოდნენ.
დაპირისპირების შემდეგ ქალმა მოძალადისგან თავის დაღწევა და სალონიდან გამოქცევა იმ ქალის დახმარებით შეძლო, რომელსაც ემსახურებოდა.
კაცმა ქუჩაში ქალაქის ცენტრამდე, დაახლოებით 200 მეტრის დისტანციაზე სდია ყოფილ ცოლსა და ორ შვილს. მოქალაქეებმა დანით შეიარაღებული კაცის შეჩერება ვერ შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, როგორც კი მოძალადემ სამართალდამცველები დაინახა, დანა დააგდო და საკუთარი ნებით ჩაბარდა. პოლიციამ კაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. ქალი კი დაკითხვაზეა.
ფოტო: ნიკა ლაშხია










