„ხელისუფლებას ეშინია მრავალფეროვანი ქართული საზოგადოების პროტესტის. პირველ რიგში სწორედ მრავალფეროვნების, რადგან ყოველთვის როცა ასეთი პროტესტი შედგა, ხელისუფლებას მოუწია მისთვის ანგარიშის გაწევა, იქნებოდა ეს პროპორციული არჩევნების რეფორმის გატარება თუ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება უკრაინისა და მოლდოვის კვალდაკვალ.
ხელისუფლებას არ აქვს ბევრი იარაღი მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტის წინააღმდეგ, ამიტომ იყენებს პრორუსულ დაჯგუფებებს, რომ წარმოაჩინოს, თითქოს არსებობს სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც ხელისუფლებამ ხელკეტით უნდა “განმუხტოს”. სინამდვილეში არანაირი პოლარიზაცია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში ევროატლანტიკური გზის მიმართ არ არსებობს. ამიტომ უწევთ ათასი ჭორის მოგონება და ხალხის ძალადობით შეშინება“, – წერს შოთა დიღმელაშვილი.