”13 ივნისია ! რატომ არ წვიმს ?! მაშინ რატომ წვიმდა ასე საშინლად…
13… დღე, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე დარჩება ჩემს მოგონებებში… სახლში ამოვირბინე, საგულდაგულოდ შენახული სამხედრო ფორმა ჩავიცვი და ორ მეგობართან ერთად (ნიკა კირვალიძე და ლექსო სვიმონიშვილი) წავედი სტიქიის ზონისკენ. მერე ლაშაც შემოგვიერთდა.
პოლიციას და სამხედროებს გავეპარეთ და ასე აღმოვჩნდით ვერეს ხეობაში… მაშინ ვერც კი ვაცნობიერებდით, რომ ჯოხებით შეიარაღებული ვერ შევძლებდით საკუთარი თავის დაცვასაც კი, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი გვაერთიანებდა, სხვისი სიცოცხლის გადარჩენა … სამწუხაროდ ვერ შევძელით… ვერცერთი სიცოცხლე ვერ გადავარჩინეთ… ვერცერთი, ალბათ კიდევ უფრო ჩქარა უნდა მივსულიყავით…
ცხოვრებაში ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ გამთენიისას, გმირთა მოედანზე ბეჰემოტს გამოვდენიდი, ეს არის კურიოზულიც, თუმცა ტრაგედია მთლიანად ფარავს ამ შემთხვევას…
მეორე დღეს, ჩვენ, მთელი თბილისი ვიყავით ერთიანი, ერთმანეთის გვერდით ვიდექით ახალგაზრდები, მთლიანად ტალახში ამოსვრილი და მიზანი საკუთარი ქალაქის დასუფთავება, მოვლა-პატრონობა იყო… ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებდით…ამის შემდეგ ჩვენ კვლავ გავერთიანდით და ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად, რამდენიმე საათით ადრე დაანონსებულ აქციაზე მივედით ათასობით ახალგაზრდა… უმიზეზოდ წირავდნენ ზოოპარკის დირექტორს…
ღმერთმა აცხონოს ყველა დაღუპული თანამოქალაქის სული… მშვიდობა ჩვენს დედაქალაქს, მშვიდობა სრულიად საქართველოს !
13 ივნისს უნდა იწვიმოს, წვიმამც უნდა იგლოვოს ჩვენთან ერთად…”- წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ღლონტი.