ჩვენ უკვე უნდა დავიწყოთ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასაწესებელი სანქციების მეშვიდე პაკეტზე მსჯელობა. უკრაინაში სიტუაცია არ გაუმჯობესებულა, ომი მიმდინარეობს, არ გვაქვს მშვიდობა, უკრაინას ჯერ არ მოუგია ომი, რაც ნიშნავს რომ საკმარისი არ გაგვიკეთებია, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა.
„უკრაინას ყველანაირი იარაღი უნდა მივაწოდოთ, რათა მათ საკუთარი ქვეყნის დაცვა შეძლონ. აგრესორმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია. დღეს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაზე არ ვისაუბრებთ. გაზის თემა გაცილებით რთული იქნება, ვიდრე ნავთობზე ემბარგო. ყველა შემდეგი სანქცია იქნება უფრო და უფრო რთული. ამ დრომდე სანქციებით ზარალდებოდა მხოლოდ რუსეთი და სანქციების გამკაცრებას ახლა გავლენა ექნება ევროპელებზეც. ამ მიზეზის გამო პოლიტიკურად რთული იქნება ყველა შემდეგი ეტაპი. მე ვფიქრობ, რომ გაზის თემა უნდა იყოს სანქციების მეშვიდე პაკეტში, მაგრამ მე რეალისტიც ვარ და მეშვიდე პაკეტში არ მგონია შევძლოთ გადაწყვეტილების მიღება. ყველაფერი კომპრომისზეა დამოკიდებული. მეექვსე პაკეტის განხილვის დროს, თუ არჩევანი იქნებოდა კომპრომისსა და სანქციების დაწესებაზე უარის თქმას შორის, მე ავირჩევდი კომპრომისს.ყველა ვცდილობდით მაგიდასთან გამოსავალი მოგვეძებნა“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.









