ზურაბ გურული
ბენ უალასი საუბრობდა დღეს, ბრიტების თავდაცვის მინისტრი; ჩამოგდებულ რუსული სამხედრო თვითმფრინავების მართვის პანელებზე „სკოჩით“ მიწებებული GPS-ის პრიმიტიული მიმღებები უნახავთ. ამით სარგებლობდნენ თურმე რუსი მფრინავები, რადგან ორიგინალური რუსული სისტემები, რომლებიც ამ თვითმფრინავების ნავიგაციის სისტემაშია ჩამონტაჟებული, იმდენად ძველია, რომ მათი გამოყენება შეუძლებელია.
სულ რამდენიმე წამით დავიჭირე საკუთარი თავი, რომ შემეცოდა ეს უბედური ნაბიჭვრები, რომლებიც პრაქტიკულად ბრმად დაფრინავენ და შანსიც კი არა აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ არცერთ არმიასთან. მაგრამ სულ რამდენიმე წამით.
მერე გამახსენდა რუსი ოლიგარქების მილიარდიანი იახტები თუ ვილები და გამეცინა. ეს სიბნელე, უნიჭობა და პრიმიტივიზმი ამ ბნელი და ბოროტი ქვეყნის შეგნებული არჩევანია.
დეკადების განმავლობაში თავისუფლად მოაზროვნე ხალხის ჟლეტამ და მონების გაპარპაშებამ ინტელექტი ბოლომდე ჩაკლა რუსეთში. პროგრესი შეზღუდვებს ვერ იტანს; ადამიანის გონებას, აზროვნებას ფრთების შეუკვეცავად უნდა შეეძლოს ფრენა, რომ განვითარების ახალ ეტაპებზე გადავიდეს. ამიტომ ნიშნავს დემოკრატია ინტელექტის ზეიმსაც.
ჩვენი, ქართული უბედურება იმაშია, რომ რუსულ ორბიტაზე დაბრუნება მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი ეგონა და ჰგონია ბევრს და ის, რომ ეს არის სიბნელის, უვიცობის, კრიმინალის, უპერსპექტივობის, სისასტიკის, ჩამორჩენილობისა და პრიმიტივიზმისათვის საკუთარი სისხლის და ხორცის, საკუთარი მომავალის გამეტება, ამაზე საუბედუროდ ვერც კი ფიქრობენ და აცნობიერებენ.
სავსეა რუსი მეცნიერებითა და ინტელექტუალებით დასავლური ქვეყნები, მაგრამ რუსეთს წაადგა რამეში? ქვეყანამ ლიდერად აირჩია გაუნათლებელი, შეზღუდული ინტელექტის მქონე ცბიერი ინტრიგანი, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე წარმატებას მლიქვნელობით, კრიმინალური აზროვნებით და პრიმიტიული დაუნდობლობით აღწევდა და ამ გონებაშეზღუდულის შეზღუდული ინტელექტის მსხვერპლად იქცა საბოლოოდ.
ექნება კი მომავალი საბოლოოდ რუსეთს? საეჭვოა. მაგრამ, მე პირადად ეგ ნაკლებად მადარდებს. საქართველო მედარდება.
ვინმეს ჰგონია, რომ ის თითო-ოროლა ნიჭიერი ახალგაზრდა, ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტბში რომ წარმატებით სწავლობენ, რამეს შეცვლიან საქართველოსთვის?
ნუ მოვიტყუებთ თავს. ვერაფერს შეცვლიან. სამაგიეროდ ვინ შეცვლის იცით? ის უღირსი და მლიქვნელი ფსევდოინტელექტუალები, თავისი „აშენებულით“ რომ ტკბებიან ჩამყაყებულ ჭაობში;
ის „პოლიტიკოსები“, ელემენტარული პოლიტიკური განათლება რომ არ გააჩნიათ და პუტინური კლასის „მაჩოიზმით“ ცდილობენ ოპონენტების შეურაცხყოფას და დაშინებას;
ის „დიპლომატები“ ვისაც ყეყეჩი ლავროვი მიაჩნია დიპლომატიის ეტალონად;
ის „სამხედრო ექსპერტები“, რუსული არმია რომ ჰგონიათ უძლეველი; ალტინფოელები მიაღწევენ; „პრავასლავიზმით“ დაბნელებული ფსევდომორწმუნენი შეცვლიან…
და საბოლოო შედეგი რა იქნება იცით? …
საბოლოო შედეგი ის იქნება, რაც რუსეთს დაემართა დღეს. მაგრამ საქართველოს მომავალი ბევრად უფრო საცოდავი იქნება.
ნუ დაიმშვიდებთ თავს. ისევ შეგახსენებთ, კრებითი ინტელექტი არც რუსებს აკლიათ, მაგრამ…
უკრაინასაც რუსეთის ბედი ელოდა და მოხდა სასწაული; ახლა ერი თავიდან იბადება; საშინელი ტკივილებისა და სისხლის თანხლებით იბადება. ასეთია ფიზიოლოგიური მშობიარობის არსი და ბუნება…-წერს ზურაბ გურული.









