პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე არონ თოფჩიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება ავრცელებს.
,,არონ თოფჩიაშვილი დაიბადა 1938 წელს ქალაქ ქუთაისში.
1956 წელს დაამთავრა ქუთაისის მე-9 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.
1961 წელს დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და მიენიჭა საშუალო სკოლის ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია.
არონ თოფჩიაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქის საშუალო სკოლებში სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით გატარებული რეფორმების უზრუნველყოფის და შესაბამისი პროგრამების შედგენა-განხორციელების საქმეში. მანვე პირველმა შეადგინა მოსწავლეთა ტექნიკური და მათემატიკური ოლიმპიადების პროგრამები, ტესტური გამოცდების პროექტები.
სხვადასხვა დროს მუშაობდა მათემატიკის მასწავლებლად ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში, მე-9 საჯარო სკოლაში დირექტორის მოადგილედ და მე-10 საჯარო სკოლის დირექტორად.
1971 წელს არონ თოფჩიაშვილი დააჯილდოვეს „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
მინიჭებული აქვს სახალხო წარჩინებულის და საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება.
1998 წლის 19 აგვისტოს დაჯილდოვდა „ღირსების ორდენით“.
2001 წლის 8 ოქტომბერს მიენიჭა ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება.
2016 წელს ქალაქ ქუთაისის განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ქუთაისის მერიამ მიანიჭა „ამაგდარი“ პედაგოგის სტატუსი.
არონ თოფჩიაშვილმა რამდენიმე წიგნი და მრავალი სტატია მიუძღვნა განათლების სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევას.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება სამძიმარს უცხადებს ქუთაისის პედაგოგიურ საზოგადოებას, მის ოჯახსა და ახლობლებს.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.









