„შახტარისა“ და კიევის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელებმა, რობერტო დე ძერბიმ და მირჩა ლუჩესკუმ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ილაპარაკეს. დე ძერბი იტალიურ გამოცემას ესაუბრა, ლუჩესკუს კომენტარი კი ადგილობრივმა გამოცემებმა გაავრცელეს.
დე ძერბი: „აფეთქებების ხმამ გამაღვიძა. დღეს დილით, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ ჩემპიონატის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. იტალიის საელჩომ უკრაინის დატოვებისკენ მოგვიწოდა, მაგრამ ამაზე ვერ დავთანხმდებოდი.
სპორტის ადამიანი ვარ. საკუთარ კლუბსა და ფეხბურთს ზურგს ვერ შევაქცევ და ასე ვერ წავალ. უკრაინის მთავრობამ საჰაერო სივრცე ჩაკეტა და ქვეყნის დატოვება არ შეგვიძლია.“
ლუჩესკუ: „უკრაინაში ყველა სპორტული ღონისძიება 30 დღით შეჩერდა. კიევიდან წასვლასა და რუმინეთში დაბრუნებას არ ვაპირებ. ლაჩარი არ ვარ. იმედია ეს ომი, რომელიც იდიოტებმა დაიწყეს, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ომი დაიწყებოდა.“
გეტყვით იმასაც, რომ რამდენიმე წუთის წინ, კიევის „დინამომ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ:
„ჩვენ საკუთარ მიწაზე ვიმყოფებით და მას არავის დავუთმობთ! სიმართლე ჩვენ მხარესაა. გამარჯვება ჩვენ მხარესაა! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და უკრაინელები უჟგოროდიდან ლუგანსკამდე და ჩერნოგოვადან სევასტოპოლამდე იამაყებენ იმითი, რომ ისინი ისეთი დიადი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, როგორიც უკრაინაა. დიდება უკრაინას! დიდება ჩვენს ერს!“










