წამყვანმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა ჰონგ-კონგში “დემოკრატიის ელემენტების ეროზიასთან დაკავშირებით” სერიოზული შეშფოთება, გამოხატეს, სადაც კვირას საკანონმდებლო საბჭოს არჩევნები გაიმართა. ინფორმაციას Politico ავრცელებს
მისი ცნობით, 90-ვე მანდატი მიიღეს კანდიდატებმა, რომლებიც ჩინეთის ხელისუფლებას უჭერენ მხარს. ამასთან, 4,4 მილიონი ამომრჩევლიდან უბნებზე მხოლოდ 30% მივიდა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1997 წლის შემდეგ, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა ჰონგ-კონგი ჩინეთს გადასცა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი “დემოკრატიული პრინციპებისა და პოლიტიკური პლურალიზმის ასეთი დარღვევის” გამო დამწუხრებულია.
G7-ის ქვეყნებმა ასევე ჰონგ-კონგში “დემოკრატიული ელემენტების ეროზიის გამო” სერიოზული შეშფოთება გამოხატეს. ჯგუფის განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო სისტემაში ცვლილებები ძირს უთხრის მის ავტონომიის მაღალ ხარისხს, რომელიც დაფუძნებულია პრინციპზე “ერთი ქვეყანა, ორი სისტემა”.
თავის მხრივ, Five Eyes ქვეყნებმა – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ – მოუწოდეს ჩინეთს, “იმოქმედოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, პატივი სცეს ჰონგ-კონგში უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს”.










