აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნიუ-იორკის შტატის გენერალურ პროკურორს, ლეტიცია ჯეიმსს სასამართლოში უჩივლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპს სურს, ხელი შეუშალოს მას კომპანია, Trump Organization-თან დაკავშირებული გამოძიების ჩატარებაში.
“დემოკრატ ჯეიმსს, ამოძრავებს მხოლოდ პოლიტიკური მტრობა და კერძო მოქალაქის დევნის, დაშინებისა და შურისძიების სურვილი, რომელსაც ის თავის პოლიტიკურ ოპონენტად თვლის“, – აღნიშნულია სარჩელში.
ტრამპის თქმით, „პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების“ ჩატარებით ჯეიმსმა მისი კონსტიტუციური უფლებები დაარღვია.
სარჩელი პროკურორისგან გამოძიების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს.
თავად ჯეიმსმა ამაზე განაცხადა, რომ გამოძიება “შეფერხების გარეშე გაგრძელდება”.
ნიუ-იორკის შტატის პროკურატურას ეჭვუ აქვს, რომ ტრამპი და Trump Organization სესხების უზრუნველსაყოფად და ეკონომიკური სარგებლის მისაღებად აქტივების ღირებულებებით მანიპულაციას ახორციელებდნენ.
ლეტიცია ჯეიმსი ცალკე სისხლის სამართლის გამოძიებას ხელმძღვანელობს.










