აშშ-ში პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. მას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის მცდელობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას AP ავრცელებს.
მისი ცნობით, 63 წლის ჯონ მიურეი როუ უმცროსი დაახლოებით 40 წლის განმავლობაში უწყებაში, კერძოდ აშშ-ის საჰაერო ძალების კოსმოსური ტექნოლოგიების განყოფილებაში ინჟინრად მუშაობდა.
2020 წლის მარტში როუ შეხვდა ფედერალური ბიუროს აგენტს, რომელმაც თავი რუსეთის მთავრობის აგენტად წარადგინა.
რვა თვის განმავლობაში ეჭვმიტანილმა ფედერალური ბიუროს აგენტს 300-ზე მეტი წერილი გაუგზავნა, სადაც აცხადებდა, რომ რუსეთის სასარგებლოდ მუშაობისთვის მზად იყო.
ამასთან, ერთ-ერთ წერილში როუმ საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნა, რომელიც აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებში დამონტაჟებულ ელექტრონული კონტრზომების სისტემების დეტალებს ეხებოდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯონ მიურეი როუს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.










