ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
“ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებაზე ერთხმად შეთანხმდნენ“, – დაწერა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა“Twitter-ზე”.
მიშელის თქმით, ევროპელმა ლიდერებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, “მინსკის შეთანხმებების შესრულება დაიწყოს“.
ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები, რომლებიც შვიდ წელზე მეტია მოქმედებს, რუსეთის ფინანსური, ენერგეტიკული და თავდაცვის სექტორების წინააღმდეგ არის მიმართული.
კერძოდ, რიგი რუსული ბანკებისა და კომპანიებისთვის შეზღუდულია წვდომა ევროკავშირის კაპიტალის პირველად და მეორად ბაზრებზე, დაწესებულია აკრძალვა იარაღისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის იმპორტსა და ექსპორტზე.
გარდა ამისა, ევროკავშირმა ნავთობის მოპოვებისა და ძიების უამრავ ტექნოლოგიასა და მომსახურებაზე რუსული მხარის წვდომა შეზღუდა.










