ჯანდაცვის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას თავად ვერ შეაფასებს. როგორც ტიკარაძე განმარტავს, ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობის საკითხთან დაკავშირებით ექიმების რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.
აღნიშნული კომენტარით ეკატერინე ტიკარაძემ უპასუხა შეკითხვას კონსილიუმის დასკვნის შესახებ, სადაც წერია, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში არ უნდა დააბრუნონ და რომ ის უკეთეს სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ, ან დატოვონ გორის ჰოსპიტალში.
„მე არ ვარ კლინიცისტი, შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, ექიმები ჩართულები არიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.










