საეკლესიო სასჯელი, რომელიც უთუოდ და აუცილებლად შესაბამისი კანონიკური პროცედურების გავლის შემდეგ მხოლოდ საეკლესიო სამართლის მიუკერძოებელი, სამართლიანი და განუხრელი აღსრულებით უნდა შეეფარდოს ეკლესიის წევრს (სასულიერო თუ საერო პირს), მიზნად ისახავს არა სასჯელშეფარდებული პიროვნების პირდაპირი აღქმით დასჯას, არამედ მისი კონკრეტული ცოდვისმიერი ქმედებიდან გამოხსნას და ცხონების გზაზე დაბრუნებას.
ეკლესიაში კანონიკური სამართლის საფუძველზე შეფარდებული სასჯელი არის მხოლოდ ქმედება და არა მიზანი, ამ ქმედების (დასჯის) მიზანი არის სასჯელშეფარდებული პირისა და მის ირგვლივ არსებული ვითარების კანონიკურ ჩარჩოებში დაბრუნება.
სამწუხაროდ, საქართველოს ეკლესიაში, უკანასკნელ ხანებში (ბოლო წლებსა და თვეებში) ჩამოყალიბდა სასჯელთა შეფარდება კანონიკური პროცედურების სრული დარღვევით, ბუნდოვან მოტივებზე, რომელიც აჩენს საფუძვლიან ეჭვებს, რომ ეს სასჯელები ემსახურება სუბიექტურ მიდგომებსა და ანგარიშსწორებას და არა საეკლესიო სასჯელის რეალურ მიზანს, თუმცა, როდესაც სასჯელის შეფარდება ხდება არაობიექტურ მოტივებზე, ბუნებრივია მისი მიზანიც არასაეკლესიოა, არამედ შეიცავს კონკრეტული პირებისა და პირთა ჯგუფების დაშინების უხერხულ მცდელობას. შესაბამისად, მისი რეზულტატი მხოლოდ ნეგატიური იქნება, დიდი ალბათობით მთელი ჩვენი ადგილობრივი ეკლესიისთვის.
ფაქტია, რომ საქართველოს ეკლესიაში უკანასკნელ ხანებში სასჯელთა არაკანონიკურ მოტივებზე, შერჩევითა და ტენდენციურობით გამოტანამ, თან ხელოვნურად შექმნილი, საეკლესიო სამართლის კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი გაურკვეველი მმართველობითი ჯგუფების მიერ, ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვია უკუშედეგი, სიტუაციის კიდევ მეტად გამწვავება და გააჩნია ცეცხლზე ნავთის დასხმის ეფექტი.
შესაბამისად, სასჯელთა სუბიექტურმა და შერჩევითი პრინციპით შეფარდებამ საქართველოს ეკლესიაში არსებული კრიზისული მდგომარეობა კიდევ მეტად გაართულა, ხოლო ამ მდგომარეობის საზღვრები ჯერ კიდევ არ ჩანს, რადგან ეს იმაზე გაცილებით ვრცელია, ვიდრე ჯერ კიდევ წარმოგვიდგენია.
ვწერ ამ ფრაზებს და რასაკვირველია, თითქმის არ მაქვს იმედი, რომ თითოეული ჩვენგანისთვის ამ ძალიან სამწუხარო ვითარებაში რაიმე დადებითისკენ შეიცვლება, მაგრამ ვთვლი, რომ მე, როგორც ისტორიკოსმა და საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარმა, ისტორიას, რომელიც ახლა იწერება ჩვენი ეკლესიის ირგვლივ, ჩემი მოკრძალებული სიტყვა ამ თემატიკაზე აუცილებლად უნდა დავუტოვო.
ყოვლადწმიდა სამებისადმი სასოებითა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიისადმი შვილობრივი სიყვარულითა და გულისტკივილით
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
ისტორიის დოქტორი, თეოლოგიის მაგისტრი
13.12.2021










