,,სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას დემოკრატიის სამიტზე, არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საზოგადოების ნაწილი ამ ინიციატივას არ ენდობა, კონკრეტული ადამიანები მზაობას გამოთქვამენ მონაწილეობა მიიღონ პროცესში. თუნდაც საერთოდაც არაფერი მოყვეს პრეზიდენტის ამ ინიციატივას, თუ ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, მცდელობად ალბათ ღირს.
რეალურად დასაკარგი არაფერია, ქვეყანა ისედაც ჩიხშია, იქნება ეს შიდაპოლიტიკური კრიზისი, თუ საგარეო ველზე უსუსტესი პოზიციები. ამას ემატება კოვიდპანდემიითა და ეკონომიკური სიდუხჭირით გამოწვეული სირთულეები, რომელიც საქართველოს მოსახლეობას უმძიმეს ტვირთად აწევს.
ამიტომ თუ დაიწყება თუნდაც მსჯელობა, როგორ უნდა გადავლახოთ უახლესი ისტორიის ეს ურთულესი პერიოდი, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მთავარია ამ პროცესში ყველა ჩაერთოს გულწრფელად, ნიშნის მოგების გარეშე, ნებისმიერი განსხვავებული მოსაზრების მიმართ მიმღებლობით. და მთავარი, ყველა მხრიდან მკვეთრად გაცხადებული საგარეო კურსით.
მჯერა თუ არა რომ ეს შესაძლებელია? არ ვიცი. თუმცა იმაში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ ყველამ უნდა ვცადოთ ამ ზიზღისა და სიძულვილის დაძლევა, რომელიც გასაქანს არ აძლევს ჩვენს ქვეყანას და მომავალს სულ უფრო და უფრო ბუნდოვანს ხდის.”-წერს საქართველოში ,,სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ნინო დოლიძე.










