“ამ კონკრეტულ ბრალზე არაფერს ვიტყვი. პროკურატურამ დეტალური ინფორმაცია გამოაქვეყნა სად, როგორ და რაში დაეხმარა მიხეილ სააკაშვილს.
გასაგებია, რომ მათ შესაბამისი მტკიცებულებები ექნებათ და ამ ყველაფერს სასამართლო განიხილავს.
გია ლორთქიფანიძეს სხვა საქმეზეც აქვს ბრალი წაყენებული – ეს არის 2011 წლის 26 მაისს მიტინგის დარბევასთან დაკავშირებული საქმე.
არ შემიძლია ჩემი მხრიდან არ ვთქვა, ის მცირე ხანი, რაც ჩვენ ერთად ვმუშაობდით, მასთან ურთიერთობის ძალიან დადებითი გამოცდილება მაქვს.
იმ კატასტროფული ვითარების შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის დროს ციხეებში იყო და ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ, მართლა ძალიან რთული ვითარება იყო და გია ლორთქიფანიძემ იქ სიტუაციის დასტაბილურება შესძლო”, – განუცხადა ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა.
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.










