გაერო-მ ეთიოპიის ქალაქ დესისა და კომბოლჩაში სურსათის მიწოდება შეაჩერა. ამის მიზეზი მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) საწყობების ძარცვა გახდა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
“კომბოლჩეში საკვების ქურდობის ერთეული შემთხვევები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასობრივ ძარცვაში გადაიზარდა, რაშიც, სავარაუდოდ, ტიგრაის არმიის ჯარისკაცები მონაწილეობდნენ“, – განაცხადა გაერო-ს პრესმდივანმა, სტეფან დიუჟარიკმა.
მისივე თქმით, ქალაქ კომბოლჩაში შიმშილის ზღვარზე მყოფი ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები ინახებოდა. დიუჟარიკმა დასძინა, რომ ჯარისკაცების ასეთი ჩარევა ჰუმანიტარულ მისიაში მიუღებელია და „ძირს უთხრის გაერო-ს შესაძლებლობას მიაწოდოს დახმარება იქ, სადაც ეს საჭიროა“.
ცნობისთვის, ეთიოპიაში ჰუმანიტარული მდგომარეობა აგვისტოს შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. ამის შესახებ გაერო-ს გენერალურ მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა.










