საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული მისი შვილის საქმე, სასაცილოა, რადგან ყველა ყველა თანამდებობის პირს აქვს წარმომადგენლობითი ხარჯები.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა.
„ჩემი აზრით, ძალიან სასაცილო საქმეა. ყველა პრეზიდენტს, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, რომ ჰქონდეს ფული, რომელსაც გამოიყენებს ამ საქმიანობისთვის. რაზეა საუბარი საერთოდ? კაჩინსკის ყვავილები, ვაცლავ ჰაველისთვისაც, ასეთ რაღაცებზეა საქმე აღძრული“, – განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.










