??გერმანიის ყოფილი კანცლერის ფრაუ ანგელა მერკელის გასაცილებლად ტრადიციული სამხედრო ორკესტრის აღლუმი, ეგრეთ წოდებული Großer Zapfenstreich იგეგმება.
წინამორბედების მსგავსად, ფრაუ მერკელსაც ნება დართეს აღლუმისთვის თავად შეარჩიოს სამი სიმღერა. თქმა რად უნდა, გერმანელები ყოფილი კანცლერის არჩევანს დიდი ინტერესით განიხილავენ და ცდილობენ სტრიქონებს მიღმაც წაიკითხონ, ეგებ იდუმალი ლიდერი უკეთ შევიცნოთო.
??ყველასათვის მოულოდნელად ფრაუ მერკელმა ნინა ჰაგენის 1974 წლის პანკის ჰიმნად შერაცხული Du hast den Farbfilm vergessen (ფერადი ფირი დაგავიწყდა) მოითხოვა.
?სიმღერის ტექსტი კურტ დემლერს ეკუთვნის და მასში აღმოსავლეთ გერმანიაში გაზრდილი მომღერალი შეყვარებულს საყვედურობს, კუნძულ ჰიდენზეეზე დასასვენებლად რომ წავედით, მხოლოდ შავ-თეთრი ფოტოფირი რატომ წამოიღე, ახლა სიმართლეს აღარაფერი ჰგავსო.
მართალია სიმღერას ცენზურა არ შეხებია, მაგრამ ბევრმა იგი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კრიტიკად აღიქვა, რომლის ნაცრისფერ რეალობაში ფერადი ფირები და ფოტოები ფუფუნების საგანი იყო.
? ესეც სიმღერა: https://www.youtube.com/watch?v=RpWKrIxi2GY
ჰოდა გერმანელები ახლა თავს იმტვრევენ, რისი თქმა უნდოდა ამით ფრაუ მერკელს, ვაითუ ეს მისი ქარაგმული საყვედურია კაცი პოლიტიკოსების მიმართო.
? ნინა ჰაგენის სიმღერის გარდა, ყოფილ კანცლერს 18 საუკუნის ქრისტიანული ჰიმნი Großer Gott, wir loben Dich (მაღალო ღმერთო, შენ გადიდებთ) აურჩევია. მათ, ვინც მისი პროტესტანტ პასტორის ოჯახში აღზრდის შესახებ იცის, არ გაუკვირდებოდა.
ჰიმნს აქ მოისმენთ: https://www.youtube.com/watch?v=8yLZnM2KFkY
? დაბოლოს, ჰილდეგარ კნეფის საკმაოდ მეამბოხე Für mich soll’s rote Rosen regnen (ჩემთვის წითელი ვარდები უნდა წვიმდეს); რომელშიც მღერის, ახლაც, როცა ყველაფრით კმაყოფილი უნდა ვიყო, კვლავ გამარჯვება მწყურია, ჩემთვის წითელი ვარდები უნდა წვიმდესო… https://www.youtube.com/watch?v=z_K_w1Yb5Yk










