ვაშინგტონში საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომლის მთავარი გზავნილი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის დემოკრატიულ საკითხებში შეერთებული შტატების მხარდაჭერაა.
შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოში არჩევნების, დამოუკიდებელი სასამართლოს, თავისუფალი მედიისა და ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხები.
“ისინი არიან ცოტა იმედგაცრუებულები იმით, რაც ხდება ქვეყანაში და ცოტათი დაღლილებიც კი, იმ მუდმივი პოლიტიკური კრიზისისგან, რაშიც ჩვენ ქართველები და ქართული სახელმწიფო ვცხოვრობთ.
თუმცა, ჩემი მთავარი სათქმელი იყო ის და იქნება მთელი კვირის განმავლობაში, რომ დიახ, ჩვენ გვაქვს პრობლემები, თუმცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს დემოკრატიულ განვითარებას.
საქართველოში არიან ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებსაც გვაქვს ხედვები როგორ შეიძლება გადაილახოს ის პრობლემები, რაც გვაქვს იგივე სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, თუ პოლიტიკური პოლარიზების, თუ არჩევნების მიმართულებით და სხვადასხვა მიმართულებით.
ჩვენ უბრალოდ გვჭირდება, რომ გვქონდეს ამერიკის შეერთებული შტატების და ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების მხარდაჭერის იმედი,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.










