
13 ნოემბერს მასკის კომპანია „სფეის იქსმა“ დედამიწის დაბალ ორბიტაზე წარმატებით განათავსა კიდევ 53 თანამგზავრი. პროცესი 2 თვეს გრძელდებოდა და საბოლოოდ ყველა თანამგზავრი წარმატებით შეუერთდა დანარჩენ თანავარსკვლავედს. საერთო ჯამში პირველი მისიიდან დღემდე „სფეის იქსს“ „სტარლინკის“ 1800-ზე მეტი თანამგზავრი აქვს გაშვებული დაბალი ორბიტისაკენ. ამ ეტაპზე „სტარლინკის“ სერვისს დაახლოებით 140 000 მომხმარებელი ჰყავს 20 ქვეყანაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ აგვისტოში კლიენტების რაოდენობა დაახლოებით 100 ათასი იყო. უახლოეს მომავალში კი ამ რიცხვის მკვეთრ ზრდას უნდა ველოდოთ.როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ უკვე მიიღეს 750,000-ზე მეტი შეკვეთა სატელიტურ ინტერნეტ-სერვისთან დაკავშირებით. თუმცა ჯერჯერობით ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანას ხელს პანდემიის შედეგად გამოწვეული სილიკონის დეფიციტი უშლის. წარმოების ხარჯების განახევრებას მასკი 2021 წლის ბოლოდან 2022 წლის გაზაფხულამდე ვარაუდობს.










