ბელარუსში მყოფმა მიგრანტებმა ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიიღონ, ისინი კი, ვინც ლტოლვილის სტატუსის მოპოვების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ერაყის ხელისუფლება რეპატრიაციის მიზნით რეისებს უკვე ნიშნავს და ჩვენ მივესალმებით ამას. ევროკავშირში შესვლა არ არის თავისუფალი, ამისთვის აუცილებელია ყველა იურიდიული კრიტერიუმის შესრულება, კერძოდ, ვიზა, შემოსვლის უფლების შესახებ ყველა სხვა გავრცელებული ინფორმაცია მცდარია“, – განაცხადა ბორელმა.
მისი თქმით, ევროკავშირის საზღვრები “უსაზღვროდ ღია” არ არის. შესვლა მხოლოდ ლეგალურად, სავიზო მოთხოვნების ან თავშესაფრის პროცედურების შესრულების შემდეგ არის შესაძლებელი.
“ეს კრიზისი ხელოვნურად შეიქმნა. მან არ უნდა გადაიტანოს ყურადღება ბელარუსში არსებული ვითარებიდან, სადაც ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები გრძელდება. დიალოგი განახლდება, მაგრამ არა ჩვენს საზღვრებში ხალხის შემოყვანით. ეს მოხდება მაშინ, როცა რეჟიმი შეწყვეტს დარღვევას, დაიწყებს ადამიანის უფლებების პატივისცემას საკუთარი ხალხის მიმართ, ისევე როგორც სხვა ადამიანების უფლებების საზღვარგარეთ“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.










