საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე საქართველოს მესამე პრეზიდენტის გლდანის დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს.
როგორც ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს, გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილისთვის დამამცირებელი და არაადამიანური გარემოა.
“სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ გლდანის დაწესებულებიდან. ის მოტყუებით წაიყვანეს ამ დაწესებულებაში და ამის გასამართლებლად მორიგი უკანონოდ გავრცელებული კადრები ვნახეთ. გლდანში არაა სათანადო პირობები მკურნალობისთვის და რაც მთავარია, მისთვის დამამცირებელი და არაადამიანური გარემოა”, – წერს სიმონიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გაუარესებული ანალიზების გამო, კონსილიუმმა ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში, ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა.
მიხეილ ღოღაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება გლდანის ციხეში სასწრაფოს ავტომანქანით მოხდა და ის მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით კი, მიხეილ სააკაშვილმა №18 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
პენიტენციურმა სამსახურმა რუსთავის ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაყვანის კადრები გაასაჯაროვა.
უწყების ცნობით, სააკაშვილს პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ არ დაუტოვებია.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილი მე-40 დღეა შიმშილობს.









