მთავარი სახელი, რაც გუშინდელ კადრებს ჰქვია, არის ის, რომ ეს კადრები არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათი გეგმაა სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა.
“გუშინდელი კადრები არის ხელისუფლების მხრიდან პროპაგანდა სააკაშვილის მკვლელობისთვის. ისინი ამზადებენ სააკაშვილის მკვლელობას, მაშინ, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს არ აქვს უფლება მიიღოს 50 გრამი მინერალი, კაცი არის დაუძლურებული. კადრებშიც ჩანს, რომ მნიშვნელოვნად არის შელახული მისი ჯანმრთელობა და მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. ამ დროს, ნაცვლად იმისა, რომ თუ რაიმე მინერალი მიიღო სააკაშვილმა, მხოლოდ უხაროდეთ ეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყველაფერს აკეთებენ, რომ სააკაშვილი მოკვდეს.
ჩვენი გეგმაა, გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე, გადავარჩინოთ ქვეყანა, შევიკრიბოთ, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გვქონდეს. ეს იქნება მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე აქცია, რომ სააკაშვილი იყოს გადაყვანილი კლინიკაში. სააკაშვილის სიცოცხლე შენარჩუნდეს იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ჰქონდეს ცხოვრების გაგრძელების შანსი და არ ჩავეხვიოთ იმ საშინელ მორევში, საიდანაც ათწლეულები შეიძლება, ვერ ამოვიდეთ”,- განაცხადა ობოლაძემ.









