თამბაქოს კონტროლის მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები მოიცავს მოწევის აკრძალვას ტაქსებში და ასევე მანქანებში, არასრულწლოვანის თანდასწრებით, კატერში, თამბაქოს ნაწარმში გამოყენებული არომატიზატორების აკრძალვას, ელექტრონული სიგარეტის სითხებზე გადასახადების გაზრდას და სხვა რეგულაციებს.
საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, კანონდამრღვევი ტაქსის მძღოლები 200 ლარით, მგზავრები კი 100 ლარით დაჯარიმდებიან.
თამბაქოს მოხმარების პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ტაქსიში მოწევის აკრძალვას მოსახლეობის 86% ემხრობა.
თამბაქოს კონტროლის კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, იგეგმება ჯარიმის გაზრდა სკოლებიდან და ბაღებიდან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს ნაწარმის გაყიდვაზეც.
ამას გარდა, 2022 წლის 31 დეკემბრიდან, ახალი რეგულაციით, ნაკლებმიმზიდველი რომ იყოს, ყველა სახის თამბაქოს ნაწარმი სადა შეფუთვით, ანუ ერთგვაროვანი ფერის კოლოფებით გაიყიდება. სტანდარტიზირებული ზომის კოლოფებზე დატანილი იქნება ბრენდისა და ქვესახეობის სახელები.
მიკორავტობუსებსა და ავტობუსებში მოწევა 2018 წლიდან აკრძალულია.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში (საქალაქო თუ საქალაქთაშორისო მიკროავტობუსები ან ავტობუსები) თამბაქოს ყველა სახის პროდუქტის მოხმარება აკრძალულია (სიგარეტი, ელ. სიგარეტი, გასახურებელი თამბაქო და სხვ.) მძღოლი ჯარიმდება 200 ლარით, მწეველი მგზავრი კი 100 ლარით.










