,,ფეიკ შეყვარებული”, “სასიამოვნო გარეგნობის დილაობით მოვარჯიშე მანდილოსანი”, “მარტოხელა დედა ფიქტიური თანაცხოვრებისთვის”, “მანქანის მრეცხავი ბიკინიანი მანდილოსანი”, “Go Go Dancer”, “ესკორტ გოგონა” და ასე შემდეგ – ეს ის ვაკანსიებია, რომელსაც ქართველ ქალებს დასაქმების ერთ-ერთი საიტი სთავაზობს.
ქალებს დასაქმებას სთავაზობენ, როგორც საქართველოში, ასევე – არაბთა გაერთიანებული საამიროებში, აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინაში, თურქეთში, მალაიზიაში, ეგვიპტესა და ბრაზილიაში.
დასაქმებისთვის აუცილებელია კომპანიაში რეგისტრაცია, რომელიც ფასიანია და 25 ლარიდან 200 ლარამდე ღირს, იმის მიხედვით, სამუშაოს მაძიებელს პრომო გოგონად ყოფნა სურს, ფოტომოდელობა, “ვიპ გოგონად” ყოფნა თუ კერძო შეკვეთებისთვის და საზღვარგარეთ სამუშაოდ რეგისტრაცია.
ამასთან, მთავარი მოთხოვნაა, აპლიკანტი ორჯერადად იყოს ვაქცინირებული.
როგორც კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატუსიდან ხდება ცნობილი, ყველა თანამშრომლისთვის , რომელიც მათ ბაზაში იმყოფება, ან არის გაფორმებული კომპანიის სახელფასო პროგრამაში, ვარჯიში სავალდებულოა, რომელსაც, ნაწილობრივ, თავად კომპანია უფინანსებს.
არანაკლებ საინტერესოა ხელშეკრულება, რომლის გაფორმებასაც კომპანია დაქირავებულ პირს სთავაზობს -რამდენიმე პუნქტი ხელშეკრულებიდან:
ვიპ გოგონა ვალდებულია, სუფრაზე დაჯდომის შემთხვევაში დაჯდეს კლიენტის მარჯვენა მხარეს;
ვიპ გოგონა ავტომობილში უნდა იჯდეს კლიენტისგან მარცხენა მხარეს;
ვიპ გოგონას აკრძალული აქვს კლიენტთან ერთად სუფრაზე ყავის, ან ენერგეტიკული სასმელის მირთმევა.
ასევე ხელშეკრულებაში წერია ისიც რა არის დაშვებული და რა არა ვიპ გოგონასთან (სტილი დაცულია):
“დიალოგის ფორმა – ვიპ გოგონასთან;
დასაშვებია : ფლირტაობა, ჩახუტება, ცეკვა, შეხება (სიტყვიერი ნებართვის არსებობის შემთხვევაში);
დაუშვებელია : ფიზიკური ძალადობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ვიპ გოგონა თანახმაა, კუპალნიკით სიარულზე ბასეინთან ან ზღვის სანაპიროზე ყოფნის შემთხვევაში ” – აღნიშნულია ხელშეკრულებაში, ამასთან, ხაზგასმულია, რომ აკრძალულია სექსუალური/ფიზიკური კონტაქტი.
საიტი 2021 წელს არის შექმნილი, სამენოვანია და როგორც ისინი აცხადებენ, მათი მიზანი დასაქმების ხელშეწყობაა.
Rustavi2.ge










