სენატორმა, რომელიც ხელმძღვანელობს კონგრესის გამოძიებას იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდება ბრაზილია COVID-19 პანდემიას, რეკომენდაცია გასცა, რომლის თანახმად ქვეყნის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონარუს ხელისუფლების შეცდომების გამო, ათასობით ადამიანის კორონავირუსით გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბრალი მასობრივ მკვლელობაში უნდა წარედგინოს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
თავად ბოლსონარუმ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. ამასთან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის სასამართლოს წინაშე წარდგეს, რადგან ბრალი ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა უნდა წარუდგინოს, რომელიც ბოლსონარუს მიერ არის დანიშნული.
თითქმის 1200-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ოპოზიციონერმა სენატორმა რენან კალჰეიროსმა კომისიისთვის მოამზადა, ამტკიცებს, რომ ბოლსონარუმ უარი თქვა მთავრობის მიერ ვაქცინის ადრეული მიღების შესაძლებლობაზე, რის გამოც ბრაზილიის ვაქცინაციის კამპანია გვიან დაიწყო და დაახლოებით 95 000 ადამიანი დაიღუპა.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ბოლსონარუ “ჯოგური იმუნიტეტის თეორიასა და განკურნების არსებობაში უსაფუძვლო რწმენით” ხელმძღვანელობდა.
ანგარიშის პროექტ სენატის კომისიამ უნდა განიხილოს. კენჭისყრა მომავალ კვირას არის დაგეგმილი.
COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით ბრაზილიას მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია. ბოლსონარუს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ხშირად აკრიტიკებდნენ, რადგან ის კარანტინის წინააღმდეგი იყო და პირბადის ტარებაზე უარს ამბობდა და აცხადებდა, რომ აცრილი არ არის.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ “COVID-19 პანდემიის დროს მთავრობის შეცდომებზე პირველადი პასუხისმგებლობა ბოლსონარუს ეკისრება” და ის ჯანდაცვის სამინისტროს რჩევის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა.
საერთო ჯამში, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლსონარუს წინააღმდეგ 13 სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.










