ჭიათურის მაღაროში მუშის, გაგა ბოჭორიშვილის დაღუპვის მიზეზი მისი სატვირთო ავტომობილსა და კედელს შორის მოყოლა გახდა. ის დარკვეთის მაღაროში ორი წელი მუშაობდა. ამის შესახებ ადგილობრივი პროფკავშირების თავმჯდომარე პაატა სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს, თუმცა ვარაუდობს, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები იყო დარღვეული, რადგან, სავარაუდოდ, სატვირთოსა და კედელს შორის საკმარისი მანძილი არ იყო.
შემთხვევა გუშინ საღამოს 22:00 საათზე მოხდა. ადგილზე ექსპერტები მუშაობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.