ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 1 დღით ადრე, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის უკვე საქართველოში, კერძოდ, ქალაქ ბათუმში იმყოფება. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით ეჭვები არსებობს, მათ შორის, არის კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა გავრცელებული ვიდეოები მონტაჟით გაკეთებული. AMBEBI.GE-მ კითხვით უსაფრთხოების ექსპერტს, ლაშა პატარაიას მიმართა, შეიძლება თუ არა აღნიშნული ვიდეოების ავთენტურობაზე საუბარი.
– ნებისმიერი შეფასება, რაც სუფთა კრიმინალისტიკურ დონეზე შეეხება გავრცელებული ვიდეოების ავთენტურობას, ვერ იქნება კორექტული და ზუსტი და ჩემგან აღქმული იქნება არაპროფესიონალურად, რადგან ფორმა და ფორმატი, როგორც არის გავრცელებული, არანაირად არ იძლება რაიმე საექსპერტო შეფასების საშუალებას. ერთი იმიტომ, რომ ორიგინალ ფაილთან არავის აქვს წვდომა, მეორე ის, რომ ფაილის სახითაც არ დადებულა არც “იუთუბზე“, არც “ფეისბუქზე“, არსად, არამედ დაიდო ჩანაწერი. მოხდა გადაღება, ამის გადატანა მოწყობილობაზე (ტელეფონზე), მოწყობილობიდან გაშვება, შემდეგ ეს მოწყობილობა იქნა გადაღებული და ეს გაშვებული იქნა მედიასაშუალებებში. იმდენი ტექნიკური ფენაა, რომ ეს ზუსტი ანალიზის საშუალებას არ იძლევა. სპეციალურად გამოიყენება ხოლმე ეს ტექნიკა, როდესაც მეტაინფორმაცია არ იქნა წაკითხული ფაილიდან ან რაიმე ტექნიკური ექსპერტიზის საშუალება არ იყოს, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიდეო არის გავრცელებული იმ ფორმით, რა ფორმითაც შეუძლებელია მისი ამ ეტაპზე ტექნიკური ანალიზი.
ის, თუ როგორი იქნებოდა სცენარი, ასე რომ ვთქვათ, მე ახლა ამ პოზიციაზე რომ ვიყო და მის პიარს და უსაფრთხოებას ერთდროულად რაიმე რჩევებს ვაძლევდე, ალბათ ამ სიტუაციაში მისთვის ყველაზე მომგებიან სცენარს დავგეგმავდი ისე, რომ ამას წინასწარ გადავიღებდით პერიოდში, როდესაც საზღვარზე ნაკლები კონტროლი იქნებოდა, ეს იქნებოდა ჩემი რეცეპტი, რომ გადავიღებდით წინასწარ, შევინახავდით ამ ვიდეოს, დავამთხვევდით ამინდს, ლოკაციას, ყველაფერს, ისეთ ფონს ავარჩევდით, რომელიც, მაგალითად, არ მოგვცემდა ადვილი კონტრასტის მიღების და რაიმე ცვლილების დაფიქსირების საშუალებას, ანუ ერთი მხრივ ლოკაციის მაიდენტიფიცირებელი იქნებოდა, მაგრამ არ იქნებოდა გამორჩეული ისეთი ნიშნებით, რაც გადაღების დროს და თარიღს გასცემდა.
“სამი დღის წინ მან შეკრიბა ოფისის მენეჯერები და გვითხრა, რომ ის წავიდოდა საქართველოში” – ოფისის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ სააკაშვილი საქართველოშია
– შეეხეთ უსუსურობას უსაფრთხოების კუთხით, შეგვიძლია, გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა, სააკაშვილს საზღვარი რაიმე გზით, ასე შეუმჩნევლად გადმოეკვეთა და რეალურად, თუ სააკაშვილის ქვეყანაში ყოფნა ან დროებით შემოსვლა დადასტურდება, სახელმწიფოს უსაფრთხოების მიმართულებით რა პრობლემები იკვეთება?
– პირველი, მე მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ დავუშვებდი, რომ ის ამ პერიოდში შემოსულიყო, რადგან ძალიან ბევრი საფრთხეა მასთან მიმართებაში; მეორე, რაც ეხება სპეცსამსახურების უსუსურობას, სააკაშვილის შემოსვლა-არშემოსვლა ამ შემთხვევაში ვერ იქნება ამის ერთადერთი ან მთავარი ინდიკატორი, აქ ძალიან ბევრი ინდიკატორი იყო, არაერთი საზღვრის კვეთა იყო ჩვენს ქვეყანაში, არაერთი ინციდენტი იყო კრიმინალის, რომელზეც არ იყო სათანადოდ რეაგირება და უამრავი ნიშანი იყო მათთვის, ვინც ამ სფეროში ერკვევა, რომ დაინახოს ჩვენი სამართალდამცველი სტრუქტურებისა და სპეცსამსახურების მზაობის ნაკლებობა.
უბრალოდ, სააკაშვილის შემთხვევა არის ძალიან კარგი ფანჯარა საზოგადოებისთვის, რომ უფრო მძაფრად და აქტიურად დაინახონ ეს ყველაფერი. მხოლოდ და მხოლოდ რეზონანსშია განსხვავება, თორემ ინდიკატორები და საფრთხეები არაერთხელ იყო ნაჩვენები, ისევე როგორც დარღვევები – რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ქვეყნის მთავარი სპეცსამსახურის მიერ ჯერ ერთი, უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერები, და მეორე, ამ ჩანაწერების დაუცველობა. შესაბამისად, სამწუხაროდ, ეს და ძალიან ბევრი ნიშანი ისედაც მეტყველებდა და მეტყველებს უსაფრთხოების სისტემის მოშლაზე, რაც გამოიწვია პარტიულმა დღის წესრიგმა.










