ახალმა ვირუსმა GriftHorse მსოფლიოს 70 ქვეყანაში 10 მილიონზე მეტი მოწყობილობა დააინფიცირა, რომლებიც Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს. ექსპერტების თქმით, ვირუსი Google Play და სხვა მაღაზიებში ჩვეულებრივი აპლიკაციების სახით ვრცელდება. ინფორმაციას The Record ავრცელებს.
ვირუსი GriftHorse მოხმარებლებს ფასიან SMS-სერვისებზე აფორმებს. მოწყობილობაზე დაინსტალირების შემდეგ ვირუსი ქმნის ბანერებს, ე.წ. პოპ-აპ ფანჯრებსა და შეტყობინებებ, თითქოს ადამიანს სხვადასხვა პრიზის მოგება შეუძლია. ამ ფანჯარაზე დაკლიკვის შემდეგ GriftHorse-ს მომხმარებელი ცალკე ვებ-გვერდზე გადაჰყავს, სადაც ადამიანს ტელეფონის ნომრის შეყვანას სთავაზობენ, რათა მან აპლიკაციაზე წვდომა მიიღოს.
სინამდვილეში კი მომხმარებელი ამ მომენტში ფასიან SMS-მომსახურებას რთავს, რომლის ფასი თვეში 35 დოლარს აღემატება. ამის წყალობით ვირუსის შემქმნელები თვეში 1,5-დან 4 მილიონ დოლარამდე იღებენ.
სპეციალისტები GriftHorse-ს 2021 წლის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ვირუსად აღიარეს. პრობლემის შესახებ უკვე ინფორმირებულია Google-იც, რომელმაც GriftHorse-ის შემცველი აპლიკაციები Google Play მაღაზიიდან ამოიღეს.










