ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს არ იქნება მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი აცრილი, ყველაზე ცუდი პროგნოზი შეიძლება დატრიალდეს.
მისივე თქმით, საქართველოში იმუნიზაციის კამპანია გასააქტიურებელია, რადგან პანდემიისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.
“ჩვენ ერთი სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ. ჩვენი ვაქცინაციის დასახულ მიზანსაც კი, რაც არის მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა, ეს არის 1 700 000 ადამიანი, თუ ჩვენ ამას მივაღწევთ, ეს ნიშნავს, რომ მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 45% გვეყოლება აცრილი.
პანდემიის სრული გაკონტროლების შესაძლებლობა არის თუ ვაქცინაცია იქნება მთლიანი პოპულაციის 80%-ში. ამიტომ სამიზნე მაჩვენებლები გადასახედია და მუშაობა ამის მისაღწევად გასააქტიურებელია.
ქვეყნებში, სადაც დეკემბრის ბოლოსკენ, იანვრის დასაწყისში, არ იქნება მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი აცრილი, ყველაზე ცუდი პროგნოზი შეიძლება დატრიალდეს – ეს არის ძალიან საგანგაშო, რასაც მსოფლიო ექსპერტები ამბობენ. ყველას ძალიან ვთხოვ, სახელმწიფოს პირველ რიგში, მაქსიმალურ ინტენსივობას, პროაქტიულ ჩართულობას ვაქცინაციის პროცესში.
დაუსრულებელი პანდემიის ტალღების თვლას ვერ აუვალთ, თუ ვაქცინაციის პროცესს წარმატებით არ განვახორციელებთ”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “რუსთავი 2-ის” ეთერში.










