“ძალიან სიმპტომატურია ის დისკუსია რაც ნამახვანჰესის ხელშეკრულების მოშლის დაანონსებას მოჰყვა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მთელს ამ ამბავში მხოლოდ ორი საკითხითაა შეწუხებული: ერთი – როგორ დაგვაზიანებს ხელშეკრულების მოშლა, როგორც ქვეყანას და მეორე ის რომ ამაზე პასუხისმგებლობა პროტესტის ორგანიზატორებს უნდა დაეკისროთ.” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლინა ღვინიანიძე წერს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,რატომღაც ეს ხალხი არ ან აღარ სვამს კითხვებს იმაზე თუ რას მოუტანდა ეს ხელშეკრულება და მასში ბოლომდე დარჩენა ჩვენს ქვეყანას, აღარ ინტერესდება იმით ამ ხელშეკრულების რისკები ან სარგებელი საერთოდ იყო თუ არა დათვლილი.
ივიწყებს მნიშვნელოვან ფაქტებს და შეფასებებს ამ ხელშეკრულებაზე:
1. ეს არის უკიდურესად მძიმე, კაბალური, წამგებიანი და უსამართლო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ამ ქვეყნის მთავრობამ და ამით უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო ეს ქვეყანა. სწორედ ამას ვამბობდით, რომ ამ პროექტის ნებისმიერი განვითარება, მისი გაგრძელება თუ შეყვეტა სხვადასხვა დოზით მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დააზარალებდა ამ ქვეყანას და სწორედ ამაში მდგომარეობდა ამ ხელშეკრულების კაბალური ბუნებაც.
2. ამ ხელშეკრულების ფისკალურ რისკებზე ვერაფერი დაწერა ოცნების მთავრობის ფინანსთან მინისტრმა. საკითხი ასე დადგა: ფინანსთან სამინისტრო კარგს ვერაფერს დაწერდა და ცუდი დასკვნა გააჩერებდა ამ პროექტს. ამიტომ დიდი ალბათობით ეს დასკვნა საერთოდ არ დაიწერა და ფინანსთან სამინისტრო დღემდე ჩუმად არის.
3. ეს ხელშეკრულება იმდენად უსამართლოა სამართლებრივი რისკების კუთხითაც რომ ოცნების მთავრობის იუსტიციის სამინისტრომაც კი უმძიმესი დასკვნა დაწერა (რაც დაადასტურა გუშინ თეა წულუკიანმა). შემდეგ ეს დასკვნა საზოგადოებას დაუმალეს.
აი ამ ხელშეკრულების სავარაუდო მოშლაზეა საუბარი, რომლის ხელმოწერა ამ უპრეცედენტო მავნებლობის გათვალისწინებით, დანაშაულებრივიც კი შეიძლება იყოს და ნორმალურ ქვეყანაში მთავრობის და მინისტრების პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგელობა დადგებოდა.
ნაცვლად ამაზე საუბრისა, ვხედავთ რას: პოლიტიკური ელიტა, სრულიად ცარიელი და მავნებლური ოპოზიციური პარტიების ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, ლობისტები იგივე ენერგეტიკის სექტორში ფულის კეთებით დაინტერესებული ხალხი, მედიის ნაწილი, მთავარ ადრესატად რიონის ხეობის მოძრაობას და ამ ხელშეკრულების წინააღმდეგ მყოფებს მიიჩნევს.
გარდა იმისა, რომ საერთოდ მცდარია კითხვები, აქცენტები და შეფასებები, რატომღაც:
მთელი ოპოზიციური სპექტრი რომელიც მუდმივად ამტკიცებს რომ ოცნების მთავრობა ანტიეროვნული და პრორუსულია, ახლა გვიმტკიცებს რომ ოცნების მთავრობა მხოლოდ ამ ჰესის პროექტშია ანტირუსული და ეროვნული.
ხალხი, რომელიც თავს საღი აზრის მქონედ და პროგრესულად მიიჩნევს, ამტკიცებს რომ მწვანე წინააღმდეგობის მოძრაობა რატომღაც რუსული მოვლენაა და არა დემოკრატიული ან პროგრესული.
რიონის ხეობის მოძრაობის მძიმე შეცდომების გვერდით, უპრეცედენტოა შედეგები რომელიც ამ მოძრაობამ აჩვენა. ამას სწორი შეფასება უნდა მიეცეს და გაფორმდეს როგორც პრეცედენტი როდესაც ორგანიზებულმა ერთობამ შეძლო მიზანთან ახლოს მისვლა.
ჯერ ყველაფერი წინ არის და აქ არაფერი არ დასრულებულა.
კითხვაზე თუ რამდენის გადახდა მოგვიწევს ხელშეკრულების მოშლაში, პასუხია რომ არ ვიცით. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული (მოშლის საფუძველი, ეტაპი, დახარჯული თანხის ოდენობა და სხვა) და ამ ინფორმაციაზე წვდომა მხოლოდ კომპანიას და მთავრობას აქვს.
თუ მართლა გინდათ რამის გარკვევა: კითხეთ მთავრობას დოკუმენტურად დაასაბუთოს 1. რა იყო ამ ხელშეკრულების ფისკალური სარგებელი და რისკი 2. რა არის ხელშეკრულების მოშლის ფინანსური ტვირთი. დანარჩენი ყველაფერი მანიპულაციია. შემდეგ კი ამ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეთ.” – წერს სოციალურ ქსელში ლინა ღვინიანიძე.
ცნობისთვის, ,,ნამახვანჰესის” მშენებელმა კომპანიამ ,,ენკამ” 800 მილიონ დოლარიანი პროექტი შეწყვიტა.
,,ენკასა” და საქართველოს შორის ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა. ჰესის მოწინააღმდეგე რიონის ხეობის მცველები აქციებს თითქმის ერთი წელია ქვეყნის მასშტაბით მართავენ, ისინი დღემდე ათევენ ღამეს კარვებში და ხეობის დატოვებას არ აპირებენ.










