იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განმარტებით, კორონავირუსის ახლად აღმოჩენილ „მიუ“ შტამს სიმძიმის მიხედვით არ შეუძლია ზემოქმედება ლეტალობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელზე.
მისი თქმით, აღნიშნული შტამი სხვა შტამებისგან განსხვავდება, თუმცა ის ყველაზე მსუბუქად შეიძლება ჩაითვალოს.
„თუ სიმძიმის მიხედვით შევაფასებთ, ეს არის ყველზე მსუბუქი მუტაცია, რომელიც განსხვავდება კორონავირუსის ორიგინალური (ჩინური) ვარიანტისგან, მაგრამ არ წარმოადგენს დიდ საშიშროებას. შეიძლება თუ არა მისი იდენტიფიცირება საქართველოში მოხდეს? რა თქმა უნდა, შეიძლება.თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია რამდენად გახდება ის გავრცელებდი“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული ვარიანტის ერთეული შემთხვევა ამ დრომდე “საინტერესო” მუტაციის კატეგორიად რჩება.
“დღეისათვის მსოფლიოს 39 ქვეყანაში დაფიქსირდა მისი ერთეული შემთხვევები, მათ შორის თურქეთში, რაც გახდა გარკვეული კითხვების საფუძველი. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით, ეს მუტაცია არ მიეკუთვნება იმავე ტიპის მუტაციების კატეგორიას, როგორიც არის ყველაზე საშიში “დელტა” ვარიანტი.
შესაძლებელია, ის საქართველოშიც იყოს აღმოჩენილი, ვინაიდან ჩვენი ლუგარის ლაბორატორია სავსებით შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელსაც შეუძლია ასეთი მუტაციების აღმოჩენა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის დარჩება ბოლომდე როგორც “ინტერესის” [ასე უწოდებს მას ჯანმო] მუტაცია და არ გახდება მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი,” – აცხადებს ივანე ჩხაიძე.










