ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი რუსეთის ფედერაციას ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გადასასვლელ პუნქტებთან დაკავშირებით მიმართავს.
ელჩის თქმით, რუსეთის ფედერაციამ უნდა დაუშვას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნა.
“დღეს გავიდა ორი წელი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ოძისის გადაკვეთის პუნქტის დახურვიდან.
ამ პუნქტის დახურვამდე, ყოველდღიურად საშუალოდ 400-მდე გადასვლა ხდებოდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალგორის რაიონის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ შეეძლო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთა და ნათესავებთან შეხვედრა,
პენსიების აღება ან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების გამოყენება.
გარდა ამისა, შეზღუდული იყო სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა, ხოლო შეტყობინებები საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის შესახებ კვლავაც გრძელდება”, – ნათქვამია კარლ ჰარცელის მიმართვაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მოუწოდებს დე-ფაქტო ხელისუფლებას ცხინვალში და რუსეთის ფედერაციას დაუშვან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ყველა გადაკვეთის პუნქტის გახსნა.










