თუ საქართველო რუსეთთან, როგორც თავის მეზობელთან, ნორმალურად ცხოვრებისთვის მზადაა, მოსკოვი ურთიერთობების აღსადგენად მზადაა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“თუ საქართველოს ნამდვილად არ სურს რუსეთის კარტის გათამაშება დასავლეთის მფარველობის შენარჩუნებისთვის, არამედ სურს ჩვენთან, როგორც მეზობლებთან, ნორმალური ცხოვრება, ჩვენ ამისთვის ნებისმიერ მომენტში ვართ მზად“, – განაცხადა მან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში გამოსვლისას.
“ჩვენ განზრახული გვქონდა, გვეპასუხა ქართველი მეზობლისთვის, მაშინ როცა მათ ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღეს.
თავდაპირველად ჩვენ მაინც ვაკვირდებოდით, რა ხდებოდა და საქართველოში ჩასვლას, რა თქმა უნდა, არავის ვუკრძალავთ.
დაახლოებით წლინახევრის წინ მზადაც კი ვიყავით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოგვეღო, მაგრამ თბილისში საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის მორიგ სხდომაზე რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინაღმდეგ უსიამოვნო ინციდენტი, უხეში პროვოკაცია მოხდა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.