ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, დღევანდელი თავისი გადაწყვეტილებით მთავრობამ განაცხადა, რომ მისთვის სრულიად სულერთია, შეუერთდება თუ არა ევროკავშირს.
“ის, რომ აპრილში ხელი მოაწერეს მიშელის დოკუმენტს ორჯერ და ორჯერვე გადააგდეს ეს დოკუმენტი და უარი თქვეს. ამ მომენტში მე ვერ ვხედავ ვერანაირ ინტერესს საქართველოს მთავრობისგან, გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვერ ვხედავ ინტერესს, შეიტანონ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე”, — განაცხადა მან ფორმულას ეთერში.
კრამონის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ დაასწრო ევროკავშირს, რადგან ჰქონდა მოლოდინი, რომ დახმარებას ვერ მიიღებდნენ პირობების არშესრულების გამო. მისი თქმით, არჩევნების წინ მმართველი პარტიის შანსები კარგად არ გამოიყურება და იცოდნენ, რომ ევროკავშირის განცხადება მეორე ტრანშის არჩარიცხვაზე მათ რეპუტაციულად დააზიანებდა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, მაგრამ ბოლო პერიოდში მთავრობამ სრულიად გადაუხვია და დაემშვიდობა რეფორმების დღის წესრიგს.
“ეს არის სწორედ ის წერტილი, როცა უნდა ვთქვათ, რომ ძალიან გულდაწყვეტილი და შოკირებული ვართ იმით, თუ რატომ ცალმხრივად იმოქმედა საქართველოს მთავრობამ და რატომ თქვა უარი საკუთარ ხელშეკრულებასა და შეთანხმებაზე”, — განაცხადა მან.
კრამონმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოზე ეკონომიკურად უკეთ მყოფმა ქვეყნებმაც კი არ თქვეს უარი მაკროფინანსურ დახმარებაზე.










