თუ რომელიმე პოლიტიკოსს ჰგონია, სახალხო დამცველის აუგად მოხსენიება და პოლიტიკური მიკერძოებულობის მიკერება ღირსებას ჰმატებს ან პოლიტიკურ ქულებს მოუტანს, მათი არჩევანია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წერს.
ომბუდსმენი მისი მისამართით, პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ახლა მისთვის მთავარია, რას ამბობენ ექიმები.
სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ ადამიანთა გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
“მესამე სასწავლო წელი იწყება ისე, რომ ბავშვები სკოლაში ვერ მიდიან იმის გამო, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება ვერ დავასტაბილურეთ, მესამე წელი უნდა დარჩნენ ფიზიკური თუ გონებრივი განვითარების შესაძლებლობის გარეშე, ამაზე მნიშვნელოვანი არის რაიმე დღეს?
ხომ ყველამ ვიცით, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ საარჩევნო უბანზე მისვლა, ეს არის გაზრდილი მობილობა და უკონტროლო კონტაქტები საარჩევნო შტაბებში, საარჩევნო კომისიებში, შეკრებები და მანიფესტაციები…
თუ რომელიმე პოლიტიკოსს ჰგონია, სახალხო დამცველის აუგად მოხსენიება და პოლიტიკური მიკერძოებულობის მიკერება ღირსებას ჰმატებს ან პოლიტიკურ ქულებს მოუტანს, მათი არჩევანია.
ჩემთვის მნიშვნელოვანია რას ამბობენ ექიმები, რომლებიც გვაფრთხილებენ, რომ მალე არათუ კოვიდ პაციენტებს, არამედ გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასაც ვეღარ გაწევენ.
ადამიანს სიცოცხლეში უნდა უფლებებიც და თავისუფლებებიც და ყველა უფლება იმიტომ არსებობს, რომ ვიცოცხლოთ და თუ სიცოცხლე საფრთხეშია, დიახ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მათ შორის ჩვენი თავისუფლებებიც შეიძლება შევზღუდოთ ადამიანთა გადასარჩენად!”, – წერს ლომჯარია “ფეისბუქში”.
ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გუშინ განაცხადა, რომ როდესაც 60-70-ზე მეტი გარდაცვლილი გვყავს დღის განმავლობაში, უნდა დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით.
ომბუდსმენის განცხადებას დღეს პოლიტიკოსთა მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.










