საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ საქართველოში დაბრუნდნენ.
საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანა ამერიკულ, ბრიტანულ, თურქულ და უნგრულ მხარესთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.
შესაბამისი უწყებების კოორდინაციით, ყველა ნაბიჯი ეტაპობრივად იყო დაგეგმილი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ავღანეთი უსაფრთხოდ დაეტოვებინათ.
საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რევაზ ჯაველიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ.
“პარტნიორებთან მუშაობა დავიწყეთ იმ დღიდან, როდესაც გავიგეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ ავღანეთში, ძირითადად ქაბულში და ითხოვდნენ შველას, რომ წამოგვეყვანა.
დავიწყეთ ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა, რომ მოგვეხერხებინა მათი აეროპორტში უსაფრთხო მიყვანა და აეროპორტიდან უსაფრთხოდ გადმოგვეფრინა საქართველოს მიმართულებით. ძალიან რთული სიტუაცია იყო და კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა.
კავშირზე ვიყავით დამსაქმებელ კომპანიასთან როგორც კანადაში, ასევე ლონდონის ოფისთან, რომელიც ფარავს ავღანეთს. ძირითადად, ჩვენი პარტნიორები იყვნენ ამერიკელები, ბრიტანელები, უნგრელები და თურქები.
თითოეულ მათგანს მინდა,მადლობა გადავუხადო იმ დახმარებისთვის, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოდ ჩამოყვანის საქმეში გაწიეს. რა თქმა უნდა, ეს დეტალები ღიად არ ჩანს, მაგრამ ძალიან დიდი საქმე და სამუშაოა გაწეული.
რაც მთავარია, ამოცანა შესრულებულია, ყველა უვნებელი და ჯანმრთელი დაბრუნდა საქართველოში და დაუბრუნდა თავის ოჯახებს“, -განახადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ, მადლობა გადაუხადა პარტნიორ ქვეყნებსა და საქართველოს საგარეო უწყებას ქაბულიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის პროცესის წარმატებით დასრულებისთვის.
“პირველივე დღიდან, როდესაც დღის წესრიგში დადგა ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების საკითხი ავღანეთიდან, პრემიერ მინისტრის დავალებით საგარეო საქმეთა სამინისტრო და მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად ჩაერთო სამუშაო პროცესში და დაიწყეს მოლაპარაკებები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, თუ ორგანიზაციებთან.
ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ეს პროცესი წარმატებით დასრულდა და ჩვენი 16 მოქალაქე მშვიდობით დაუბრუნდა საკუთარ ოჯახებს.
მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისა და გვერდით დგომისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენს საგარეო უწყებას”, – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.










