თურქეთის სამი ჩრდილოეთ პროვინცია სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ის ქალაქ ბოზქურთში იმყოფება, რომელიც ღვარცოფის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.
“ჩვენ ვაცხადებთ სამ პროვინციას – სინოპს, ბართინსა და კასთამონუს – სტიქიური უბედურების ზონად.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველაფერი რაც შეიძლება მალე მოწესრიგდეს. ზარალის დასადგენად მუშაობა გრძელდება”, – განაცხადა ერდოღანმა.
მან დასძინა, რომ დაზარალებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია 95%-ით დასრულებულია.
თურქეთში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა.










