„2012 წელს მეღვინეობის კომპანიების რაოდენობა არ აღემატებოდა 39-ს, დღეს 300-ზე მეტია მევენახეობის მიმართულებით 2012 წელს იყო სერიოზული პრობლემა, როცა ჩვენ მოვედით.
მაშინ ჩვენმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ სოფლის მეურნეობა იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მილიარდობით ლარი ჩაიდო ამ მიმართულებით. 300-დან 350 მილიონამდე შემოდის ყოველწლიურად, მხოლოდ რთველის სახით – მხოლოდ მევენახეობის, ყურძნის გადამუშავებისთვის კახეთის რეგიონში. მოსავლიანობა გაიზარდა 300 000 ტონამდე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ქვეყნის შემდგომი განვითარების გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენ თუ ქვეყანა თანმიმდევრული, მტკიცე ნაბიჯებით ივლის წინ, 10 წელიწადში საქართველო ევროპული ტიპის სახელმწიფოდ იქცევა.
„ჩვენი გეგმის მიხედვით, ჩვენ სოფლის მეურნეობაში ჩავდებთ ძალიან დიდ ინვესტიციებს, დაახლოებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას, ჯამში, კერძო სექტორთან ერთად, 20 მილიარდი ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი კერძო სექტორთან ერთად, მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენ თუ თანმიმდევრული, მტკიცე ნაბიჯებით ვივლით წინ, 10 წელიწადში შეიძლება, ჩვენი ქვეყანა რეალურად გარდავქმნათ და ვაქციოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა რეგიონის მიხედვით დამუშავებული გვაქვს გეგმები, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ თითოეულ მუნიციპალიტეტში, როგორ ავითვისოთ თითოეული გოჯი მიწა, რა კულტურები გავაშენოთ, როგორ დავეხმაროთ მოსახლეობას, როგორ გავუშენოთ, როგორ ვასწავლოთ ამის მოვლა-პატრონობა, შევქმნათ გადამამუშავებელი საწარმოები, პროფესიული სასწავლებლები ადგილზე, ყველა მუნიციპალიტეტში. ეს გეგმები გვაქვს და ამ მიზნებით მოვდივართ და მინდა ეს სათქმელი ჩამოვიტან თქვენამდე.