ქალბატონმა პრეზიდენტმა, ალბათ, ვერ შეძლო ჩამოსვლა. მე ნამდვილად ვერ გეტყვით ამის მიზეზს, ეს მას უნდა ჰკითხოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ კითხვაზე, რატომ არ ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის ფიცის დადებას, განაცხადა.
“მან წარმოადგინა ეს კანდიდატი. პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ეს მისი კანდიდატის არჩევა იყო. თუ იმის ეჭვი გაქვთ, რომ მას შეიძლება რაიმე წყენა ჰქონდეს, სჯობს მას ჰკითხოთ. არანაირი კონფლიქტი არ არსებობს, პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს, დემარში განახორციელოს საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ.
ეს რომ პარტიული ღონისძიება იყოს, ზოგს მართლაც გაუჩნდებოდა ეჭვი, ხომ არ არის ეს დემარში ან კონფლიქტის მიზეზი. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არ არის პარტიული ორგანო და ორგანიზაცია, რომლის წინააღმდეგაც შეიძლება მართლაც დემარში განახორციელონ. ქალბატონმა პრეზიდენტმა, ალბათ, ვერ შეძლო ჩამოსვლა. მე ნამდვილად ვერ გეტყვით ამის მიზეზს, ეს მას უნდა ჰკითხოთ”, – განაცხადა კუჭავამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ჰყავს. დღეს გიორგი თევდორაშვილის ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა, რომელიც უზენაეს სასამართლოში სწორედ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დანიშნა.
საკონსტიტუციო სასამართლოში ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე დაესწრო. ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.










