კორონავირუსის ახალმა აფეთქებამ, რომელსაც უხანის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ, ჩინეთის სულ მცირე 15 პროვინცია და ქალაქი მოიცვა. ხელისუფლება სულ უფრო მეტად გამოთქვამს შეშფოთებას ქვეყნის დაუცველობასთან დაკავშირებით დელტა შტამის მიმართ.
როგორც BBC ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით იუწყება, ქვეყანაში გასული 10 დღის განმავლობაში დელტა შტამით ინფიცირების 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და ყოველდღიურად უფრო მეტი ინფიცირება ვლინდება.
აღნიშნული მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია, თუმცა, ჩინეთისთვის – მაღალი, რადგან ჩინეთში დაახლოებით ბოლო ერთი წელია ახალი ინფიცირებულების მაჩვენებელმა ერთეულებამდე დაიწია.
რამდენიმე დღის წინ უხანში, სადაც გასული წლის ივნისის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა, 7 ადამიანი დაინფიცირდა.
კორონავირუსის პანდემია უხანში, დაახლოებით, 2019 წლის დეკემბერში წარმოიშვა, თუმცა, უპრეცედენტოდ მკაცრი საკარანტინო ზომების დახმარებით ჩინეთის ხელისუფლებამ საკუთარ ტერიტორიაზე პანდემია ჩაახშო.
ჩინეთის ჯანდაცვის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ვირუსი ქვეყანაში 10 ივლისს, რუსეთიდან ჩინეთისკენ მიმავალი თვითმფრინავით შევიდა. თავდაპირველად ავიალაინერის მომსახურე პერსონალი დაინფიცირდა, განგაში კი 10 დღის შემდეგ დაიწყო.
ლანჟოუს უნივერსიტეტის მეცნიერთა პროგნოზის თანახმად, 12 აგვისტოსთვის, მხოლოდ ძიანსუს პროვინციაში შემთხვევების რიცხვი 425-ს მიაღწევს. ახალი საფრთხე ჩინეთის მასმედიისა და სოციალური ქსელების მთავარი თემა გახდა.










