წალკაში, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანიის დამფუძნებელი ვატო წერეთელი წერს.
წერეთელი სამართალდამცავი უწყებისგან შესაბამის რეაგირებას ელოდება.
„ველოდები მოძალადეების დაკავებას!!!! ჟურნალისტების და ოპერატორების ცემა არასასურველი კითხვების გამო არ შეგრჩებათ!“, – წერს ვატო წერეთელი.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება ძალადობის და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში ერთ-ერთი მედიასაშუალების გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა წალკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) და 154-ე (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის) მუხლებით დაიწყო.
მიმდინარე წლის 30 ივნისს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია პირველის გადამღები ჯგუფს ფიზიკურად დაუპირისპირდა ადგილობრივი პირი, რომელმაც ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში შეუშალა ხელი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა მათ.
შეტყობინების მიღებისთანავე პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა და დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.
მომხდარ ფაქტზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.










