გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა – ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს მისმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განუცხადა.
გელბახიანი ამბობს, რომ პოლიტიკოსმა შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა მედიკამენტების მიღებაზე კვლავ უარს ამბობს. ამასთან, მისივე მოთხოვნით, იგი ციხის კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
“გოგი წულაიას 19 კილო აქვს დაკლებული, სუსტადაა. შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა მედიკამენტებს არ იღებს. სამედიცინო პერსონალის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით, არაა კარგი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, შესაძლებელია განუვითარდეს ნებისმიერ დროს ისეთი სხვადასხვა მოვლენა, რაც გაუთვალისწინებელ შედეგებს დააყენებს. ამბობს, რომ სახელმწიფო მხდის იძულებულს თვითმკვლელობამდე მივიყვანო ჩემი თავიო. იმის გამო, რომ ციხეში უსამართლოდ ვარ, ამიტომ მივმართავ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას და თუ სახელმწიფოს უნდა ჩემი სიკვდილი, თუ რამე მომივა, იქნება მათი და არა ჩემი ბრალიო,”-აცხადებს ვალერი გელბახიანი.
გოგი წულაიას საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი პირველ ივლისსაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსს პროკურატურა მეგობარ ქალზე სექსუალურ ძალადობას ედავება. თავად გოგი წულაია დანაშაულს არ აღიარებს. ის თავს ხელისუფლების პროვოკაციის მსხვერპლად და ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად მიიჩნევს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 17 მარტს დააკავეს, 19 მარტს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა










