„არ არსებობს კულტურის სამინისტროში ცენზურა”, – ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში, ჩეხოვის სახელობის თეატრალურ ფესტივალზე გაემგზავრება.
მისი თქმით, საერთაშორისო ფესტივალებში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას თეატრი და სამხატვრო ხელმძღვანელი დამოუკიდებლად იღებს.
„იყვნენ ტელევიზიები, მე რომ კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი თითს მიქნევდნენ, რომ ემანდ არ ჩაერიო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო. შესაბამისად გეტყვით, რომ ემანდ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს, ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება, რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე უნდა გვქონდეს იმ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან, რომლის გამართვის ადგილი არის სწორედ რუსეთის ფედერაცია. ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და სამხატვრო ხელმძღვანელი არის თავისუფალი.”, – ამბობს თეა წულუკიანი.
ცნობისთვის, რუსეთის პირველი არხის ინფორმაციით, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, მოსკოვში, ჩეხოვის სახელობის თეატრალურ ფესტივალზე გაემგზავრება. ფესტივალში მონაწილეობას დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნები იღებენ.










