საბერძნეთში 20 წლის ქალის საზარელი მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ იგი ამ საქმეში უდანაშაულოა. „ქრონიკამ“ ქალაქ ღლიკანარაში მომხდარის დეტალები გაარკვია და კორიდალოს ციხეში მყოფ საქართველოს მოქალაქესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც გიორგი ხარძეიშვილი ადგილობრივი პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ჰყვება.
„ოთხი დღის განმავლობაში ვყავდი დაბმული და მირტყამდნენ, რომ მეღიარებინა, როდესაც საერთოდ არ ვიცოდი, თუ რა ხდებოდა. ჩამიყვანეს კარცერში, ვინც იღლებოდა, ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. არაფერს მეკითხებოდნენ, პირდაპირ მოდიოდნენ, მცემდნენ და მთხოვდნენ, მეღიარებინა, როგორ მოვკალი. არც ქურდობის ფაქტებთან მაქვს შეხება. ჩემი დნმ-ი ამოვიდა ერთ-ერთ ინსტრუმენტზე. მე მანქანა მომპარეს, რომელშიც ეს ინსტრუმენტი მქონდა და ეს ინსტრუმენტიც აქვთ ნანახი“, – აცხადებს გიორგი ხარძეიშვილი.
გამოძიებამ ახლა უკვე დაადგინა, რომ ახალგაზრდა მფრინავმა მკვლელობა წინასწარ დაგეგმა, მტკიცებულებები გაანადგურა და 1 თვის განმავლობაში მედიას სასტიკი დანაშაულის საკუთარ ვერსიას უყვებოდა. 36 წლის ქართველი საპატიმროში სხვა საქმის გამო რჩება. საკითხს საქართველოს საელჩოც იკვლევს.
11 მაისს ათენთან ახლოს ქეროლაინ ქრაუჩი 11 თვის შვილის თანდასწრებით მოკლეს. მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას დანაშაულთან კავშირი არა აქვს. პოლიციამ 20 წლის ქრაუჩის მკვლელობისთვის ბრალი მის ქმარს წაუყენა. 32 წლის ბაბის ანაგნოსტოპულოსმა ბრალი უკვე აღიარა.










