„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში, რომელიც საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას ეხება ნათქვამია, რომ რეგლამენტში არ არსებობს საკანონმდებლო გარანტიები, რომელიც გააძლიერებდა ოპოზიციის როლს პარლამენტის საქმიანობის და მათ შორის საპარლამენტო კონტროლის პროცესში. ანგარიშის თანახმად, ოპოზიციური პარტიების მხოლოდ არსებობა პარლამენტში, არ წარმოადგენს საკმარის მექანიზმს ეფექტური საპარლამენტო კონტროლისათვის.
„პარლამენტის ყველა კომიტეტის თავმჯდომარე მმართველი პარტიის წარმომადგენელია. ამასთანავე, პარლამენტის მიერ ანგარიშვალდებული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნისას, რეგლამენტი არ ითვალისწინებს ოპოზიციურ ფრაქციებთან კონსულტაციის ვალდებულებას და მათთან კონსენსუსის გზით გადაწყვეტილების მიღებას, რაც ზრდის პოლიტიზირებული გადაწყვეტილების მიღების რისკებს,“- ნათვქმია ანგარიშში.
კვლევის შედეგად გამოვლენილ გამოწვევებში ასევე, აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლი სუსტია.
„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს კანონი არ ანიჭებს უსაფრთხოების სამსახურის მიმართ კონტროლის მიზნით სპეციალური მექანიზმების გამოყენების უფლებამოსილებებს (მაგალითად, ზედამხედველობა ინფორმაციის მოპოვების ღონისძიებებზე, ფარულ ღონისძიებებზე, უსაფრთხოების სამსახურში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე და ა.შ.);
ნდობის ჯგუფს პარლამენტის რეგლამენტი ინფორმაციასთან წვდომის შეზღუდულ მანდატს ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეგლამენტით გაიზარდა ნდობის ჯგუფის კომპეტენცია, არ არის უზრუნველყოფილი ექსპერტთა ჩართულობა უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის პროცესში, ნდობის ჯგუფთან არ არსებობს ექსპერტთა საბჭო, რომლის წევრებსაც ექნებოდათ დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე და შეძლებდნენ კონტროლის განხორციელებას,“- ნათქვამია ანგარიშში.









