ხმელთაშუა ზღვაში მდებარე კუნძულ სარდინიაზე დაბადებულმა 67 წლის იტალიელმა ხელოვანმა, სალვატორე გარაუმ მის მიერ შექმნილი უხილავი ქანდაკება 18 ათასზე მეტ აშშ დოლარად გაყიდა. მედიის ცნობით, უჩვეულო სკულპტურა მილანელმა კოლექციონერმა შეიძინა, რომელსაც ნამუშევრის ავტორმა სპეციალური სერტიფიკატიც გადასცა იმის დასტურად, რომ ის ხელოვნების ამ არასტანდარტულ ნიმუშს ნამდვილად ფლობს.
სალვატორე გარაუმ უხილავ ქანდაკებას Io Sono უწოდა, რაც ქართულად ნიშნავს “მე ვარ”. ის გასაყიდად იტალიის ქალაქ მილანში მდებარე სააუქციონო სახლმა Art-Rite მიმდინარე წლის მაისის თვეში გამოიტანა. ვარაუდობდნენ, რომ ნამუშევრის ბოლო ფასი 7-დან 11 ათას აშშ დოლარამდე იქნებოდა, თუმცა ანონიმურმა მფლობელმა ის ბევრად ძვირად, 18,300 აშშ დოლარად შეიძინა. ამ უკანასკნელმა ხელოვანისგან გარკვეული ინსტრუქციებიც მიიღო – უჩინარი სკულპტურა, რომელიც 1.5×1.5 მეტრი ზომის კვადრატშია მოქცეული, კერძო სახლში უნდა განთავსდეს ისეთ ადგილზე, სადაც მას ხელს არაფერი შეუშლის. მათ შორის, მას უნდა მოვარიდოთ ხელოვნური განათება და ტემპერატურის მარეგულირებელი მოწყობილობები.

“ვაკუუმი ენერგიით სავსე სივრცეა. თუ მას დავცლით და იქ არაფერს დავტოვებთ, ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპის მიხედვით, ამ “არაფერსაც” ექნება წონა. ამრიგად, მას გააჩნია ენერგია, რომელიც კონდენსირდება და ნაწილაკებად გადაიქცევა, ანუ იმად, რაც ჩვენ ვართ. ეს ქანდაკება წარმოსახვის გააქტიურებას მოითხოვს, რომელიც ყველას აქვს, იმათაც კი, ვისაც სჯერა, რომ ეს ასე არაა”, – აცხადებს სალვატორე გარაუ.
აღსანიშნავია, რომ ეს ხელოვანისთვის პირველი მსგავსი ნამუშევარი არაა. თებერვალში მან საზოგადოებას კიდევ ერთი უხილავი სკულპტურა, “ბუდა მედიტაციისას” გააცნო, რომელიც მილანში მდებარე პიაცა დელა სკალას მოედანზე გამოფინა. სალვატორე გარაუს თქმით, მას ვერ ვხედავთ, თუმცა ნამდვილად არსებობს და ის “ჰაერითა და სულითაა შექმნილი”.